გააზრებული კითხვის სწავლება დაწყებით საფეხურზე | |||||||||||||||||||||||||||||||||
ავტორი: ნანა ლომიძე | |||||||||||||||||||||||||||||||||
მიზნები
▪ მიდგომებისა და საჭიროებების გაზიარება კითხვის სწავლების კუთხით;
▪ სხვადასხვა ტიპის ტექსტის გაგება-გააზრებაზე ორიენტირებული მრავალფეროვანი აქტივობის დაგეგმვა და გამოყენება სასწავლო პროცესში;
▪ კითხვის დიფერენცირებული სწავლება დიაგნოსტიკური და სხვა ტიპის შეფასების გამოყენებით;
▪ საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება.
განათლების რეფორმის ერთ-ერთი მიზანი მოაზროვნე, აქტიური მკითხველის ჩამოყალიბებაა. ამისთვის ზრუნვა სწავლების ადრეული საფეხურიდანვე უნდა დავიწყოთ. თუ ბავშვს იმთავითვე გავუღვივეთ კითხვის სიყვარული, ის მას მთელი ცხოვრება გაჰყვება. კითხვა მოზარდს საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობაში ეხმარება. კარგ მკითხველად ჩამოყალიბებას ხელი უნდა შევუწყოთ ქართულის გაკვეთილზე, დავაუფლოთ მოზარდი კითხვის ტექნიკასა და გააზრებულ კითხვას. ამისთვის საჭიროა სხვადასხვა მეთოდის გამოყენება.
სწავლების მეთოდის შერჩევისას მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს გაკვეთილის მიზანი და სავარაუდო შედეგი - რა უნდა იცოდეს და რა შეეძლოს. სწორედ მიზანზეა დამოკიდებული გაკვეთილის მსვლელობა და სწავლების მეთოდებიც.
მეთოდის შერჩევისას უნდა დავფიქრდეთ:
▪ დაგვეხმარება თუ არა ჩვენ მიერ შერჩეული მეთოდი დასახული მიზნის მიღწევაში;
▪ შეესაბამება თუ არა მეთოდი აქტივობას;
▪ შეესაბამება თუ არა მეთოდი მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და გამოცდილებას;
▪ ტექნიკურად შესაძლებელია თუ არა მისი განხორციელება (ხელმისაწვდომია თუ არა რესურსები, გვეყოფა თუ არა დრო, შესაძლებელია თუ არა ამდენ მოსწავლესთან მეთოდის ეფექტიანად გამოყენება).
მიზნის დასახვისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ერთი რამ: მოსწავლეს მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესახებ ცოდნის მიღებაში კი არ დაეხმაროს, არამედ გამოუმუშაოს ზოგადი/ტრანსფერული უნარებიც (მაგალითად, კომუნიკაციის, პრეზენტაციის, თანამშრომლობისა და სხვ.). სასურველი შედეგის მიღწევაში კი მას სწავლების ადეკვატურად შერჩეული მეთოდები დაეხმარება.
მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება ითვალისწინებს მოსწავლეთა საჭიროებას, შესაძლებლობებს, ინტერესებს, სწავლის სტილს. მიზნის მისაღწევად კი მასწავლებელი უნდა იყენებდეს მრავალფეროვან სასწავლო საშუალებებსა და რესურსებს, მათ შორის - ელექტრონულ რესურსებსა და ისტ-ს. ოღონდ გვახსოვდეს: გამოყენებული ტექნოლოგიები ნამდვილად საგაკვეთილო პროცესის ნაწილი უნდა იყოს.
ვინაიდან ქვემოთ წარმოგიდგენთ გაკვეთილს, მიმართულს ტექსტის გააზრებისკენ, მანამდე ორიოდე სიტყვით შევეხები უშუალოდ კითხვის მნიშვნელობას.
კითხვის მიზანია:
▪ ლიტერატურული გამოცდილების მიღება
▪ ინფორმაციის მიღება და გამოყენება
▪ სიამოვნების განცდა.
წაკითხულის გააზრება გულისხმობს:
▪ უშუალო დასკვნების გამოტანას;
▪ ძირითადი საკითხის მიგნებას;
▪ აზრებისა და ინფორმაციის ინტერპრეტაციას საკუთარ ცოდნასთან ინტეგრირების საფუძველზე;
▪ ტექსტის ენის შეფასებას და მხატვრული ხერხების გააზრებას.
განასხვავებენ კითხვის სამ ფაზას:
▪ წაკითხვამდელს (გამოწვევა);
▪ კითხვას (ცოდნის კონსტრუირება, შინაარსის რეალიზება);
▪ წაკითხვის შემდგომს (გამთლიანება/რეფლექსია).
ახლა კი გთავაზობთ კონსტრუქტივისტულ და ინტერაქტიულ მიდგომაზე დაფუძნებულ გაკვეთილს, რომელიც კითხვისა და წერის სხვადასხვა უნარის განვითარებას ისახავს მიზნად. გაკვეთილზე გამოყენებულია სწავლების რამდენიმე ეფექტური მეთოდი:
▪ დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე;
▪ ცნების რუკა;
▪ ტექსტის წაკითხვა მონიშვნებით (შნსკა);
▪ ვენის დიაგრამა.
გაკვეთილის თემაა საინფორმაციო ტექსტი ფუტკარზე მეექვსე კლასის როდონაიას სახელმძღვანელოდან.
გაკვეთილს სამფაზიანი სტრუქტურა აქვს: წაკითხვამდელი, კითხვისა, წაკითხვის შემდგომი. მასწავლებელი და მოსწავლეები მთელი გაკვეთილის განმავლობაში აქტიურად არიან ჩართული ფიქრის, ვარაუდების გამოთქმის, კითხვის, მსჯელობისა და ერთობლივი შემოქმედების პროცესში. ამ სამფაზიანი სტრუქტურის კიდევ ერთი თავისებურება ის არის, რომ მას თითქმის ყველა მოსწავლე მიჰყავს წარმატებამდე, განურჩევლად მისი უნარებისა თუ კითხვის მოტივაციისა.
1-ელი ფაზა: წაკითხვამდე (აქტივობა 7-ის ჩათვლით)
▪ დაგროვილი გამოცდილების გააქტიურება;
▪ შესასწავლი საკითხის/თემის პრობლემის წარდგენა;
▪ კითხვის მოტივაციიის სტიმულირება;
▪ არსებული ცოდნის შეფასება;
▪ კითხვის სტრატეგიების მოდელირება;
▪ მოსწავლის წინარე ცოდნა-გამოცდილებასთან დაკავშირება.
ამ ფაზაში განხორციელებული აქტივობა მოსწავლეებს ეხმარება გაკვეთილის იმ დეტალების უკეთ გააზრებაში, რომლებიც მათთვის უკვე ნაცნობია. არ აქვს მნიშვნელობა, რას ეხება ტექსტი. ეს ფაზა მასწავლებელს ეხმარება მოსწავლის ყურადღების კონცენტრირებაში, გაკვეთილის მიზნის ჩამოყალიბებაში. წინა გაკვეთილზე მოსწავლეები გაეცნენ მხატვრულ ტექსტს ფუტკარზე, იმსჯელეს მხატვრულ ხერხებსა და საშუალებებზე. მოსწავლეთა მიერ მათი წინარე ცოდნის დემონსტრირების შემდეგ მასწავლებელი აფასებს, საკმარისად კარგად ესმით თუ არა მოსწავლეებს განსახილველი საკითხის არსი. ეს ფაზა გულისხმობს აქტივობაში ყველა მოსწავლის ჩართვას. ცნების რუკა კარგი მეთოდია ინფორმაციის დასამახსოვრებლად, გასააზრებლად და დასახარისხებლად. კერძოდ, ყველაფერს, რაც აქამდე იცოდნენ ფუტკრის შესახებ, მოსწავლეები ცნების რუკაზე უყრიან თავს და გარკვეულ კატეგორიებად აჯგუფებენ.
მე-2 ფაზა: კითხვის დროს (აქტივობა მე-8, მე-10, მე-11)
▪ ახალი ცოდნის მისაღებად მართული პროცესის წარმართვა საკლასო გარემოში;
▪ მოსწავლეთა მიერ ახალი ცოდნის დაუფლების შეფასება;
▪ ბუნდოვანი შინაარსის ახსნა-განმარტება.
მეორე ფაზის მიზანია ახალი ცოდნის კონსტრუირება და მიღებული ინფორმაციის გაგება-გააზრება. ამავე ფაზაში მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს დამოუკიდებელი კითხვის სტრატეგიებს და დააფიქრებს იმაზე, რომ ეს სტრატეგიები ერთგვარი მზა პროცედურებია, რომელთა გამოყენება შეიძლება ნებისმიერი ტექსტის კითხვისას. მოსწავლეებიც, სავარაუდოდ, საკუთრივ კითხვის პროცესში უკეთ ხვდებიან, რომელი სტრატეგია როდის და რისთვის გამოიყენონ. კითხვის სწავლების პრაქტიკა გვარწმუნებს, რომ სასურველია, მასწავლებელმა თვალსაჩინოდ აღწეროს და განმარტოს კითხვის პროცესში გამოყენებული სტრატეგიები. ჩემ მიერ მოყვანილიმეთოდი შნსკა (მონიშვნებით კითხვა შემდეგი ინსტრუქციით: წაიკითხეთ ტექსტი დამოუკიდებლად და გამოიყენეთ კითხვის პროცესში ეკრანზე ნაჩვენები ფიგურები; v-თ აღნიშნეთ ყველა ის წინადადება თუ აბზაცი, რომელშიც უკვე ნაცნობი ინფორმაციაა გადმოცემული; +-ით - ახალი, განსხვავებული ინფორმაცია; ?-ით -ბუნდოვანი ინფორმაცია, რომელიც დაზუსტებასა და ახსნას მოითხოვს) კარგია ტექსტის დასახარისხებლად, გასააზრებლად. აღნიშნული მეთოდი საშუალებას გვაძლევს, კიდევ ერთხელ დავაბრუნოთ მოსწავლეები ტექსტთან, წავაკითხოთ მონიშნული ადგილები, დავახარისხებინოთ ნაცნობი, უცნობი, განსხვავებუ;ლი, ბუნდოვანი ინფორმაცია, დავაზუსტოთ უცხო სიტყვების მნიშვნელობა. მეორე ფაზა წინა პირობაა, მზადებაა მესამე ფაზის წარმატებით დასაძლევად, ვინაიდან მომდევნო ეტაპზე მოსწავლეებს მოუწევთ უკვე ნასწავლი მასალის გამოყენება ძირითად საკითხებთან მიმართებით, მსჯელობის შეჯამება, კითხვებზე პასუხის გაცემა თუ საინტერესო შემოქმედებითი პროდუქტის შექმნა. თუ ტექსტი არასწორად გაიგეს, მესამე ფაზა განუხორციელებელი დარჩება, ამიტომ საჭიროა კარგად მორგებული მეთოდის გამოყენება. ტექსტის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეები მონიშვნის შესაბამისად არკვევენ მათთვის ნაცნობ, უცნობ და ბუნდოვან ინფორმაციას და ცდილობენ, უკვე შესწავლილი ინფორმაციით განაახლონ მანამდე შექმნილი ცნების რუკა, რაც უფრო მეტად უწყობს ხელს ახალი ინფორმაციის დამახსოვრებას (იხ. წინასწარ მომზადებული საინფორმაციო ტექსტი).
მე-3 ფაზა: წაკითხვის შემდეგ (აქტივობა მე-12, მე-13)
▪ ახალი ცოდნის სიღრმისეულად გააზრება-განმტკიცება;
▪ ახალი ცოდნის გამოყენება სხვადასხვა კონტექსტში;
▪ სწავლის პროცესისა და შედეგების შეფასება.
მესამე ფაზა საშუალებას გვაძლევს, ახალი ცოდნა გამოვიყენოთ მოსწავლეთა პიროვნული განვითარებისვის. წაკითხვის შემდგომი აქტივობები მოსწავლეს მატებს თავდაჯერებასა და ენთუზიაზმს, იგი მიიჩნევს, რომ შედეგი ღირებულია და თვალსაჩინო. ასე ჩნდება სწავლისადმი შინაგანი, დადებითი მოტივაცია. ამ ფაზაში აქტივობები საშუალებას იძლევა, ხელახლა წავიკითხოთ ან ხელახლა დავწეროთ. რაც უფრო მეტხანს წერს ან კითხულობს ადამიანი, მით უფრო დიდია გააზრების სიღრმე. ჩუმად კითხვა ინდივიდუალური პროცესია, რომელიც უზრუნველყოფს კითხვის პროცესში უკლებლივ ყველა მოსწავლის ჩართვას. ასეთი დავალება მოსწავლეთა შერჩევას გამორიცხავს ხუთსტრიქონიანი ლექსი კარგია გრამატიკული ნაწილის გასამეორებლად, თუმცა ამ გაკვეთილის მიზანი გრამატიკულ ნაწილს არ ეხება. მოსწავლეები იხსენებენ არსებით და ზედსართავ სახელებს, ზმნას და სინონიმებს.
მოცემულ გაკვეთილზე მნიშვნელოვანია ისტ ტექნოლოგიების სწორი და ეფექტური გამოყენება. მოტივაციის ასამაღლებლად და ინტერესის გასაზრდელად გამოყენებულია სლაიდი და ფილმი ფუტკარზე. მოსწავლისთვის ძნელი წარმოსადგენია ფუტკრის ცეკვა, ასევე ისიც, როგორ ასწავლის ერთი ფუტკარი მეორეს გზას ყვავილებისკენ. ვიზუალურმა ჩანართებმა კი ეს ყველაფერი ნათელი, სასიამოვნო და სახალისო გახადა. მოზარდებმა აღმოაჩინეს საინფორმაციო ტექსტის თავისებურებები და ვენის დიაგრამისსაშუალებით მხატვრული და საინფორმაციო ტექსტები ერთმანეთს შეადარეს. ეს მეთოდი, ვფიქრობ, მისაღები და ზუსტია შედარება-შეპირისპირებისას. დაფაზე შევსებული სქემა უფრო მკაფიოდ დაანახვებს მოსწავლეებს, რა აქვსსაერთო და რა -განმასხვავებელი ერთი და იმავეშინაარსის ორ ტექსტს, კერძოდ, საინფორმაციოსა და მხატვრულს. საერთო - ის, რომ ორივე ფუტკარზეა, ორივე პროზაულია, ორივეში ზუსტად არის აღწერილი ყოველი დეტალი, განმასხვავებელი კი ის, რომ საინფორმაციოში ვხვდებით მხოლოდ ინფორმაციას, დაცულია სტილი, გამოყენებულია საინფორმაციო ლექსიკა, მხატვრულში კი ეს ყველაფერი მხატვრული ხერხებით გადმოცემული.
ამრიგად, წარმატების მისაღწევად პროფესიული განვითარება პროცესად უნდა აღვიქვათ და არა ერთჯერად ღონისძიებად. ვერ ვიტყვით: „დღეს ერთ კარგ გაკვეთილს ჩავატარებ და ჩემს მოსწავლეებს კითხვას ვასწავლი". ინტერაქტიული მეთოდიკა საშუალებას გვაძლევს გავააქტიუროთ მოსწავლის შემეცნებითი შესაძლებლობები, ხელი შევუწყოთ კრიტიკული აზროვნებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარის განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ სწავლების მეთოდები და სწავლის სტრატეგიები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. სწავლების მეთოდების ეფექტიანი გამოყენების წინა პირობა სწავლის ეფექტიანი სტრატეგიების დაუფლებაა. მე, მოქმედ მასწავლებელს, ზემოთ დასახელებული მეთოდები და აქტივობები შესაფერისად მიმაჩნია გააზრებული კითხვის სწავლებისას.
ჩვენ მიერ გამოყენებული მეთოდები თუ აქტივობები ავითარებს ბლუმის ტაქსონომიის თითქმის ყველა საფეხურს.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.ინტერაქტიული გაკვეთილის ელემენტები, ნაწ. I-II, 2006 წ.
2. ეროვნული სასწავლო გეგმა
3. სწავლებისა და სწავლის ახალი მიდგომები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 2005 წ.
4. ია კუტალაძე (რედ.), ეფექტიანი სწავლება. გამოცდების ეროვნული ცენტრი, კვლევის ლაბორატორია, 2010
გაკვეთილის გეგმის მოკლე აღწერა
საგანი - ქართული
კლასი - VI
|
მთავარი გვერდი
- სარჩევი
- პროექტები
- გამოყენებული ან შექმნილი სასწავლო რესურსები
- მოსწავლეების, მშობლების, კოლეგების გამოხმაურება
- სადამრიგებლო მუშაობა
- შეფასების სქემები
- დიაგნოსტიკური ტესტები
- ჩემი საქმიანობის ანალიზი
- სამოდელო გაკვეთილები
- ტრენინგების ამსახველი მასალა
- წლიური სასწავლო კურსის პროგრამა
- მოსწავლეთა მიღწევები და წარმატებები
- სამი წელი ერთად
четверг, 13 марта 2014 г.
გააზრებული კითხვის სწავლება დაწყებით საფეხურზე
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий