суббота, 26 апреля 2014 г.

вторник, 18 марта 2014 г.

რა აძლიერებს მასწავლებელს? რა განასხვავებს საუკეთესოს დანარჩენისგან? ამ საკითხზე ბევრი აზრი არსებობს, თუმცა ეს "თავსატეხი" სათანადოდ ამოხსნილი დღემდე არ არის. ბევრი პასუხი ამ თემაზე ბუნდოვანია. გთავაზობთ რამდენიმე მახასიათებელს, რომელთაგანაც ნაწილი თქვენთვის ნაცნობი იქნება, მაგრამ ბევრს ვერასოდეს შეხვდებით შესრულებული საქმის შეფასების დოკუმენტში.

როგორები არიან კარგი მასწავლებლები:


1. არიან თავდაჯერებულნი

სწავლების პროცესში თავდაჯერებულობა შეიძლება ბევრ რამეში გამოიხატებოდეს. მაგალითად: მასალის ცოდნაში, ან თქვენი სწავლების მეთოდების უბადლოობაში. რა თქმა უნდა, ამ ორი მიმართულებით თავდაჯერება მნიშვნელოვანია, თუმცა ყველაზე აუცილებელი სულ სხვა რამ არის და არც თუ ისე ადვილი ასახსნელია.
ვგულისხმობ იმ თავდაჯერებას, როცა თქვენ ზუსტად იცით, რომ იქ ხართ სადაც ხართ და აკეთებთ იმ საქმეს, რასაც უნდა აკეთებდეთ, თუ მიუხედავად იმ მძიმე შრომისა, რასაც ამ საქმეში დებთ, ისაა, რაც თქვენთვისაც და თქვენი მოსწავლეებისთვისაც სარგებლის მომტანია. მოსწავლეები მასწავლებლის ამ დამოკიდებულებას გრძნობენ. სკოლაში მუშაობა რთული და სტრესულია, თუმცა შედეგები - სასიამოვნო. მაგრამ თუ ასწავლით და არ ხართ დარწმუნებული, რომ ეს თქვენი საქმეა... ესე იგი, არც არის.

2. გამოირჩევიან ცხოვრებისეული გამოცდილებით

რეალური ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც სკოლისა და განათლების სფეროს ჩარჩოების მიღმა გამოცდილებას გულისხმობს, დაგეხმარებათ სასწავლო თემების გასაგებ კონტექსტში წარმოდგენასა და რეალობასთან დაკავშირებაში. მასწავლებლებს, რომელთაც უმოგზაურიათ, უმუშავიათ სხვა სფეროში, უთამაშიათ რომელიმე სპორტულ გუნდში და ზოგადად, საინტერესო გამოცდილებები მიუღიათ, არ შემოიფარგლებიან, მხოლოდ ერთი პროფესიით - პროფესია "მასწავლებლით". იქნება ეს პასუხი გუნდური მუშაობის მნიშვნელობაზე, თუ პასუხი პატარა მოსწავლის კითხვაზე - თუ რაში დასჭირდება მათემატიკა. მასწავლებლებს, რომელთაც საკმარისი დრო და ენერგია აქვთ დახარჯული სხვა პროფესიულ საქმიანობაში, შეუძლიათ უკეთ და საფუძვლიანად დაინახონ, თუ რა როლი აკისრია სასკოლო განათლებას ცხოვრებისეულ ჭრილში.

3. ხედავენ და ესმით თითოეული მოსწავლის მოტივაცია

ისევე, როგორც მოსწავლეების ინტერესები განსხვავდება ერთმანეთისაგან, ასევე განსხვავებულია მათი მოტივატორებიც. უმეტესობა მათგანი შეძლებს საკლასო ოთახშივე გამოავლინოს საკუთარი ხედვა და ამბიციები. შესაბამისად, მოტივაციაც რეალობიდან გამომდიანრე ჩამოუყალიბდეს. სამწუხაროდ, ზოგი მოსწავლე მხოლოდ გარე მოტივატორებზე რეაგირებს, მაგრამ კიდევ უფრო უარესი ისაა, რომ გვხვდება ისეთი მოსწავლეც, რომელიც საერთოდ ვერ აკავშირებს საკლასო ოთახში განვითარებულ მოვლენებს საკუთარ ინტერესებთან. დიდია ალბათომა იმისა, რომ ასეთი მოსწავლეები ვერ ჩაერთვებიან საერთო პროცესში. პროფესიონალმა მასწავლებელმა იცის, თუ როგორ მიუდგეს თითოეულ ასეთ მოსწავლეს და ის მასალა, რასაც სწავლის პროცესში გადიან, ამ მოსწავლეებისათვის გასაგებ კონტექსტში განიხილოს და დაანახოს კავშირი საგანსა და მათ ინტერესებს შორის. მასწავლებლები, რომელთაც არ შეუძლიათ, ხელი შეუწყონ მოსწავლეების მიერ ამ კავშირის დანახვას, საერთოდ უნდა დაფიქრდნენ, რა აზრი აქვს იმ ბავშვებთან მუშაობას, რომელთაც არც ინტერესი აქვთ და ვერც აკავშირებენ გონებაში მიღებულ ინფორმაციას შესაბამის თემასთან.

4. არიან ჩვეულებრივი ადამიანები და არა გმირები

დიახ, ყველა მასწავლებელი გმირია. ახლა დავივიწყოთ ეს ბანალური ფრაზა და ვცადოთ ამ კლიშეს მიღმა რეალური მნიშვნელობა განვმარტოთ. ზოგ მასწავლებელს ჯერ კიდებ უჭირს იმის ჩვენება, რომ რაღაც შეიძლება მასაც შეეშალოს. ასეთ პედაგოგებს დიდი ენერგიის ფასად დაუჯდებათ მოსწავლეებისათვის მათი იმედგაცრუების, წყენისა, და გაბრაზების დაფარვა. რატომ? იმიტომ, რომ რიგი მასწავლებლებისა ვერ ითავისუფლებს თავს ბარიერისაგან, რომ თქვას "წარმოდგენა არ მაქვს, რა არის პასუხი შენ კითხვაზე". სამაგიეროდ, მასწავლებლები, რომლებიც ბუნებრივად ახერხებენ მოსწავლეებთან დაკავშირებას, არ ეშინიათ ემოციების გამოხატვის და შეუძლიათ აღიარონ, რომ ცოცხალი ენციკლოპედიები არ არინ.
რა თქმა უნდა, არავის უნდა, ზედმეტად საცოდავი იყოს, ან ემოციების კორიანტელი დააყენოს კლასში, მაგრამ რა არის იმაზე უკეთესი გზა ბავშვებს თანაგრძნობა ასწავლოთ, ვიდრე ის, რომ თავად იყოთ თანაგრძნობის ობიეტი, როცა ცუდი დღე გაქვთ? გუნდური მუშაობის წახალისებისათვის და იმისათვის, რომ ბავშვებს ასწავლოთ, რომ არაუშავს, როცა რაღაც არ ვიცით, საუკეთესო საშუალობაა უთხარათ: "არ ვიცი, მაგრამ რატომ არ გავარკვიოთ ერთად?

5. ერკვევიან ტექნიკაში

მოდით, ამ თემაზე ძალიან ბევრს ნუ ვისაუბრებთ, რადგან უკვე საკმაოდ დაიხარჯა მელანი (და უკვე პიქსელიც) ამ საკითხის განხილვისას. რაც დრო გადის, იმის თქმა, რომ - "მაგრამ მე არ ვიცი _________ გამოყენება" (იგულისხმება ნებისმიერი ტექნიკური მოწყობილობა) ჟღერს, როგორც - "მაგრამ მე არ ვიცი ტელეფონის გამოყენება".
ერთადერთი შემთხვევა, როცა ეს განცხადება მისაღებია, არის მხოლოდ შემდეგი გაგრძელებით: "...მაგრამ ძალიან მინდა ვისწავლო!" ბავშვებმა, რომ მსგავსი სუსტი არგუმენტი მოიშველიონ დავალების არშესრულების მიზეზად, მოგვეწონებოდა? დღევანდელ დღეს, გამოწვევებისაგან თავის არიდების მიზნით, თითოეული მსგავსი უსუსური კომენტარით დავკარგავთ ქულებს, როგორც პროფესიონალი.

6. აძლევენ სხვებს რისკის მაგალითს

ჩვენ მოსწავლეებს ვურჩევთ, რომ იყვნენ რისკიანები. ყველას მოგვწონს, როცა გარისკვა შეგვიძლია, მაგრამ ვაღიაროთ, რომ მასწავლებლების უმეტესობა რისკისგან შორსაა. ეს კონკრეტული პრინციპი წინა თემის გაგრძელებაა, როცა შეცდომის აღიარების თაობაზე ვსაუბრობდით. პედაგოგი, რომელსაც შეუძლია, გამოვიდეს სტატიკური ჩარჩოდან, სცადოს რამე ახალი და თუნდაც სხვების თვალში "გიჟად" წარმოჩინდეს, მაინც გარისკოს პროფესიის ხათრით, მოსწავლეების პატივისცემას მოიპოვებს.
არ აქვს მნიშვნელობა, ეს რისკი წარმატებას მოიტანს, თუ არ გაამართლებს. მთავარია, რომ ბავშვებს დაამახსოვრდებათ და მიიღებენ გამოცდილებას, რომელზეც ისწავლიან. სწორედ ეს არ არის ჩვენი მიზანი? რაც არ უნდა იყოს, როცა იქნება მითქმა-მოთქმა დასრულდება. ცუდი PR არ არსებობს.

7. აკეთებენ აქცენტს მნიშვნელოვანზე 

იქნება ეს: დაგვიანებების აღრიცხვა, დავალებების შეგროვება, ქულების დათვლის მიზნით, თუ ბავშვების ჩიჩინი, რომ ისწავლონ - საკმარისი მიზეზებია იმისათვის, რომ მასწავლებელის ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანიდან წვრილმანებზე გადავიდეს. ძლიერმა მასწავლებლებმა იციან, რომ ქრონიკული დაგვიანებების, ან სკოლის ხშირი გაცდენის უკან, უფრო ღრმა მიზეზია და არ კარგავენ დროს მათ "მოგვარებაზე", როცა რეალურად აზრიც არ აქვს. ამისათვის არსებობს სკოლის ადმინისტრაცია და სასწავლო ნაწილი.
ამასთან, წარმატებულმა მასწავლებლებმა იციან, რომ კონკრეტული და ეფექტიანი დავალებით და მიზანმიმართული უკუკავშირით საკუთარ შრომასაც გაიმარტივებენ და ბავშვებსაც უფრო ჩართავენ აქტივობებში. ასევე, მასალის მოსწავლეების ინტერესებსა და გატაცებებზე მორგებით, სწავლის შედეგებს მაქსიმალურად გაზრდიან. ბევრი უმნიშველო დეტალია, რომელიც უაზროდ ხარჯავს მასწავლებლის დროს. ძლიერი პედაგოგები კი ყოველთვის ახერხებენ კონცენტრაციას მთავარზე.

8. ნაკლებად ღელავენ იმაზე, თუ რას იტყვის ადმინისტრაცია

ეს ნაწილი ძალიან ბევრ ზემოაღნიშნულ თემას უკავშირდება. ძლიერი მასწავლებლები თავიანთ საქმეს ისე აკეთებენ, რომ გონებას ნაკლებად იღლიან იმაზე ფიქრით, თუ რას იფიქრებს სასწავლო ნაწილი. ისინი რისკავენ. მათი კლასი შეიძლება ხმაურიანიც იყოს, მოუწესრიგებელიც, ან ორივე ერთად. მათ ქმედებებში შეიძლება მცირე დარღვევებიც იყოს (უმეტესად სასკოლო წესების), მაგრამ სამაგიეროდ მეტად დააინტერესებენ მოსწავლეებს და ჩართავენ სასწავლო პროცესში.
მასწავლეების ამ კატეგორიამ იცის, რომ სწავლა არ არის აკურატული და წესრიგიანი პროცესი და წესების ზედმიწევნით ზუსტად დაცვით ბავშვების ბუნებრივ ცნობისმოყვარეობას, სპონტანურობას და გატაცებებს რუტინით ჩაკლავენ. მუდამ იმაზე შიში, თუ რას იტყვის უფროსი, შეგზღუდავთ ყველა საქმეში და არც სწავლებაა გამონაკლისი.
პირიქით, საუკეთესო მასწავლებლები მისდევენ დევიზს: "პატიება უფრო ადვილია, ვიდრე ნებართვის მიღება".

წყარო: teachthought.com

четверг, 13 марта 2014 г.

გააზრებული კითხვის სწავლება დაწყებით საფეხურზე

გააზრებული კითხვის სწავლება დაწყებით საფეხურზე
ავტორი: ნანა ლომიძე
მიზნები
▪ მიდგომებისა და საჭიროებების გაზიარება კითხვის სწავლების კუთხით;
▪ სხვადასხვა ტიპის ტექსტის გაგება-გააზრებაზე ორიენტირებული მრავალფეროვანი აქტივობის დაგეგმვა და გამოყენება სასწავლო პროცესში;
▪ კითხვის დიფერენცირებული სწავლება დიაგნოსტიკური და სხვა ტიპის შეფასების გამოყენებით;
▪ საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება.
განათლების რეფორმის ერთ-ერთი მიზანი მოაზროვნე, აქტიური მკითხველის ჩამოყალიბებაა. ამისთვის ზრუნვა სწავლების ადრეული საფეხურიდანვე უნდა დავიწყოთ. თუ ბავშვს იმთავითვე გავუღვივეთ კითხვის სიყვარული, ის მას მთელი ცხოვრება გაჰყვება. კითხვა მოზარდს საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობაში ეხმარება. კარგ მკითხველად ჩამოყალიბებას ხელი უნდა შევუწყოთ ქართულის გაკვეთილზე, დავაუფლოთ მოზარდი კითხვის ტექნიკასა და გააზრებულ კითხვას. ამისთვის საჭიროა სხვადასხვა მეთოდის გამოყენება.
სწავლების მეთოდის შერჩევისას მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს გაკვეთილის მიზანი და სავარაუდო შედეგი - რა უნდა იცოდეს და რა შეეძლოს. სწორედ მიზანზეა დამოკიდებული გაკვეთილის მსვლელობა და სწავლების მეთოდებიც.
მეთოდის შერჩევისას უნდა დავფიქრდეთ:
▪ დაგვეხმარება თუ არა ჩვენ მიერ შერჩეული მეთოდი დასახული მიზნის მიღწევაში;
▪ შეესაბამება თუ არა მეთოდი აქტივობას;
▪ შეესაბამება თუ არა მეთოდი მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და გამოცდილებას;
▪ ტექნიკურად შესაძლებელია თუ არა მისი განხორციელება (ხელმისაწვდომია თუ არა რესურსები, გვეყოფა თუ არა დრო, შესაძლებელია თუ არა ამდენ მოსწავლესთან მეთოდის ეფექტიანად გამოყენება).
მიზნის დასახვისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ერთი რამ: მოსწავლეს მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესახებ ცოდნის მიღებაში კი არ დაეხმაროს, არამედ გამოუმუშაოს ზოგადი/ტრანსფერული უნარებიც (მაგალითად, კომუნიკაციის, პრეზენტაციის, თანამშრომლობისა და სხვ.). სასურველი შედეგის მიღწევაში კი მას სწავლების ადეკვატურად შერჩეული მეთოდები დაეხმარება.
მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება ითვალისწინებს მოსწავლეთა საჭიროებას, შესაძლებლობებს, ინტერესებს, სწავლის სტილს. მიზნის მისაღწევად კი მასწავლებელი უნდა იყენებდეს მრავალფეროვან სასწავლო საშუალებებსა და რესურსებს, მათ შორის - ელექტრონულ რესურსებსა და ისტ-ს. ოღონდ გვახსოვდეს: გამოყენებული ტექნოლოგიები ნამდვილად საგაკვეთილო პროცესის ნაწილი უნდა იყოს.
ვინაიდან ქვემოთ წარმოგიდგენთ გაკვეთილს, მიმართულს ტექსტის გააზრებისკენ, მანამდე ორიოდე სიტყვით შევეხები უშუალოდ კითხვის მნიშვნელობას.
კითხვის მიზანია:
▪ ლიტერატურული გამოცდილების მიღება
▪ ინფორმაციის მიღება და გამოყენება
▪ სიამოვნების განცდა.
წაკითხულის გააზრება გულისხმობს:
▪ უშუალო დასკვნების გამოტანას;
▪ ძირითადი საკითხის მიგნებას;
▪ აზრებისა და ინფორმაციის ინტერპრეტაციას საკუთარ ცოდნასთან ინტეგრირების საფუძველზე;
▪ ტექსტის ენის შეფასებას და მხატვრული ხერხების გააზრებას.
განასხვავებენ კითხვის სამ ფაზას:
▪ წაკითხვამდელს (გამოწვევა);
▪ კითხვას (ცოდნის კონსტრუირება, შინაარსის რეალიზება);
▪ წაკითხვის შემდგომს (გამთლიანება/რეფლექსია).
ახლა კი გთავაზობთ კონსტრუქტივისტულ და ინტერაქტიულ მიდგომაზე დაფუძნებულ გაკვეთილს, რომელიც კითხვისა და წერის სხვადასხვა უნარის განვითარებას ისახავს მიზნად. გაკვეთილზე გამოყენებულია სწავლების რამდენიმე ეფექტური მეთოდი:
▪ დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე;
▪ ცნების რუკა;
▪ ტექსტის წაკითხვა მონიშვნებით (შნსკა);
▪ ვენის დიაგრამა.
გაკვეთილის თემაა საინფორმაციო ტექსტი ფუტკარზე მეექვსე კლასის როდონაიას სახელმძვანელოდან.
გაკვეთილს სამფაზიანი სტრუქტურა აქვს: წაკითხვამდელი, კითხვისა, წაკითხვის შემდგომი. მასწავლებელი და მოსწავლეები მთელი გაკვეთილის განმავლობაში აქტიურად არიან ჩართული ფიქრის, ვარაუდების გამოთქმის, კითხვის, მსჯელობისა და ერთობლივი შემოქმედების პროცესში. ამ სამფაზიანი სტრუქტურის კიდევ ერთი თავისებურება ის არის, რომ მას თითქმის ყველა მოსწავლე მიჰყავს წარმატებამდე, განურჩევლად მისი უნარებისა თუ კითხვის მოტივაციისა.
1-ელი ფაზა: წაკითხვამდე (აქტივობა 7-ის ჩათვლით)
▪ დაგროვილი გამოცდილების გააქტიურება;
▪ შესასწავლი საკითხის/თემის პრობლემის წარდგენა;
▪ კითხვის მოტივაციიის სტიმულირება;
▪ არსებული ცოდნის შეფასება;
▪ კითხვის სტრატეგიების მოდელირება;
▪ მოსწავლის წინარე ცოდნა-გამოცდილებასთან დაკავშირება.
ამ ფაზაში განხორციელებული აქტივობა მოსწავლეებს ეხმარება გაკვეთილის იმ დეტალების უკეთ გააზრებაში, რომლებიც მათთვის უკვე ნაცნობია. არ აქვს მნიშვნელობა, რას ეხება ტექსტი. ეს ფაზა მასწავლებელს ეხმარება მოსწავლის ყურადღების კონცენტრირებაში, გაკვეთილის მიზნის ჩამოყალიბებაში. წინა გაკვეთილზე მოსწავლეები გაეცნენ მხატვრულ ტექსტს ფუტკარზე, იმსჯელეს მხატვრულ ხერხებსა და საშუალებებზე. მოსწავლეთა მიერ მათი წინარე ცოდნის დემონსტრირების შემდეგ მასწავლებელი აფასებს, საკმარისად კარგად ესმით თუ არა მოსწავლეებს განსახილველი საკითხის არსი. ეს ფაზა გულისხმობს აქტივობაში ყველა მოსწავლის ჩართვას. ცნების რუკა კარგი მეთოდია ინფორმაციის დასამახსოვრებლად, გასააზრებლად და დასახარისხებლად. კერძოდ, ყველაფერს, რაც აქამდე იცოდნენ ფუტკრის შესახებ, მოსწავლეები ცნების რუკაზე უყრიან თავს და გარკვეულ კატეგორიებად აჯგუფებენ.
გარეგნობა
საარსებო გარემო
კვება
მე-2 ფაზა: კითხვის დროს (აქტივობა მე-8, მე-10, მე-11)
▪ ახალი ცოდნის მისაღებად მართული პროცესის წარმართვა საკლასო გარემოში;
▪ მოსწავლეთა მიერ ახალი ცოდნის დაუფლების შეფასება;
▪ ბუნდოვანი შინაარსის ახსნა-განმარტება.
მეორე ფაზის მიზანია ახალი ცოდნის კონსტრუირება და მიღებული ინფორმაციის გაგება-გააზრება. ამავე ფაზაში მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს დამოუკიდებელი კითხვის სტრატეგიებს და დააფიქრებს იმაზე, რომ ეს სტრატეგიები ერთგვარი მზა პროცედურებია, რომელთა გამოყენება შეიძლება ნებისმიერი ტექსტის კითხვისას. მოსწავლეებიც, სავარაუდოდ, საკუთრივ კითხვის პროცესში უკეთ ხვდებიან, რომელი სტრატეგია როდის და რისთვის გამოიყენონ. კითხვის სწავლების პრაქტიკა გვარწმუნებს, რომ სასურველია, მასწავლებელმა თვალსაჩინოდ აღწეროს და განმარტოს კითხვის პროცესში გამოყენებული სტრატეგიები. ჩემ მიერ მოყვანილიმეთოდი შნსკა (მონიშვნებით კითხვა შემდეგი ინსტრუქციით: წაიკითხეთ ტექსტი დამოუკიდებლად და გამოიყენეთ კითხვის პროცესში ეკრანზე ნაჩვენები ფიგურები; v-თ აღნიშნეთ ყველა ის წინადადება თუ აბზაცი, რომელშიც უკვე ნაცნობი ინფორმაციაა გადმოცემული; +-ით - ახალი, განსხვავებული ინფორმაცია; ?-ით -ბუნდოვანი ინფორმაცია, რომელიც დაზუსტებასა და ახსნას მოითხოვს) კარგია ტექსტის დასახარისხებლად, გასააზრებლად. აღნიშნული მეთოდი საშუალებას გვაძლევს, კიდევ ერთხელ დავაბრუნოთ მოსწავლეები ტექსტთან, წავაკითხოთ მონიშნული ადგილები, დავახარისხებინოთ ნაცნობი, უცნობი, განსხვავებუ;ლი, ბუნდოვანი ინფორმაცია, დავაზუსტოთ უცხო სიტყვების მნიშვნელობა. მეორე ფაზა წინა პირობაა, მზადებაა მესამე ფაზის წარმატებით დასაძლევად, ვინაიდან მომდევნო ეტაპზე მოსწავლეებს მოუწევთ უკვე ნასწავლი მასალის გამოყენება ძირითად საკითხებთან მიმართებით, მსჯელობის შეჯამება, კითხვებზე პასუხის გაცემა თუ საინტერესო შემოქმედებითი პროდუქტის შექმნა. თუ ტექსტი არასწორად გაიგეს, მესამე ფაზა განუხორციელებელი დარჩება, ამიტომ საჭიროა კარგად მორგებული მეთოდის გამოყენება. ტექსტის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეები მონიშვნის შესაბამისად არკვევენ მათთვის ნაცნობ, უცნობ და ბუნდოვან ინფორმაციას და ცდილობენ, უკვე შესწავლილი ინფორმაციით განაახლონ მანამდე შექმნილი ცნების რუკა, რაც უფრო მეტად უწყობს ხელს ახალი ინფორმაციის დამახსოვრებას (იხ. წინასწარ მომზადებული საინფორმაციო ტექსტი).
მე-3 ფაზა: წაკითხვის შემდეგ (აქტივობა მე-12, მე-13)
▪ ახალი ცოდნის სიღრმისეულად გააზრება-განმტკიცება;
▪ ახალი ცოდნის გამოყენება სხვადასხვა კონტექსტში;
▪ სწავლის პროცესისა და შედეგების შეფასება.
მესამე ფაზა საშუალებას გვაძლევს, ახალი ცოდნა გამოვიყენოთ მოსწავლეთა პიროვნული განვითარებისვის. წაკითხვის შემდგომი აქტივობები მოსწავლეს მატებს თავდაჯერებასა და ენთუზიაზმს, იგი მიიჩნევს, რომ შედეგი ღირებულია და თვალსაჩინო. ასე ჩნდება სწავლისადმი შინაგანი, დადებითი მოტივაცია. ამ ფაზაში აქტივობები საშუალებას იძლევა, ხელახლა წავიკითხოთ ან ხელახლა დავწეროთ. რაც უფრო მეტხანს წერს ან კითხულობს ადამიანი, მით უფრო დიდია გააზრების სიღრმე. ჩუმად კითხვა ინდივიდუალური პროცესია, რომელიც უზრუნველყოფს კითხვის პროცესში უკლებლივ ყველა მოსწავლის ჩართვას. ასეთი დავალება მოსწავლეთა შერჩევას გამორიცხავს ხუთსტრიქონიანი ლექსი კარგია გრამატიკული ნაწილის გასამეორებლად, თუმცა ამ გაკვეთილის მიზანი გრამატიკულ ნაწილს არ ეხება. მოსწავლეები იხსენებენ არსებით და ზედსართავ სახელებს, ზმნას და სინონიმებს.
მოცემულ გაკვეთილზე მნიშვნელოვანია ისტ ტექნოლოგიების სწორი და ეფექტური გამოყენება. მოტივაციის ასამაღლებლად და ინტერესის გასაზრდელად გამოყენებულია სლაიდი და ფილმი ფუტკარზე. მოსწავლისთვის ძნელი წარმოსადგენია ფუტკრის ცეკვა, ასევე ისიც, როგორ ასწავლის ერთი ფუტკარი მეორეს გზას ყვავილებისკენ. ვიზუალურმა ჩანართებმა კი ეს ყველაფერი ნათელი, სასიამოვნო და სახალისო გახადა. მოზარდებმა აღმოაჩინეს საინფორმაციო ტექსტის თავისებურებები და ვენის დიაგრამისსაშუალებით მხატვრული და საინფორმაციო ტექსტები ერთმანეთს შეადარეს. ეს მეთოდი, ვფიქრობ, მისაღები და ზუსტია შედარება-შეპირისპირებისას. დაფაზე შევსებული სქემა უფრო მკაფიოდ დაანახებს მოსწავლეებს, რა აქვსაერთო და რა -განმასხავებელი ერთი და იმავეშინაარსის ორ ტექსტს, კერძოდ, საინფორმაციოსა და მხატვრულს. საერთო - ის, რომ ორივე ფუტკარზეა, ორივე პროზაულია, ორივეში ზუსტად არის აღწერილი ყოველი დეტალი, განმასხვავებელი კი ის, რომ საინფორმაციოში ვხვდებით მხოლოდ ინფორმაციას, დაცულია სტილი, გამოყენებულია საინფორმაციო ლექსიკა, მხატვრულში კი ეს ყველაფერი მხატვრული ხერხებით გადმოცემული.
ამრიგად, წარმატების მისაღწევად პროფესიული განვითარება პროცესად უნდა აღვიქვათ და არა ერთჯერად ღონისძიებად. ვერ ვიტყვით: „დღეს ერთ კარგ გაკვეთილს ჩავატარებ და ჩემს მოსწავლეებს კითხვას ვასწავლი". ინტერაქტიული მეთოდიკა საშუალებას გვაძლევს გავააქტიუროთ მოსწავლის შემეცნებითი შესაძლებლობები, ხელი შევუწყოთ კრიტიკული აზროვნებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარის განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ სწავლების მეთოდები და სწავლის სტრატეგიები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. სწავლების მეთოდების ეფექტიანი გამოყენების წინა პირობა სწავლის ეფექტიანი სტრატეგიების დაუფლებაა. მე, მოქმედ მასწავლებელს, ზემოთ დასახელებული მეთოდები და აქტივობები შესაფერისად მიმაჩნია გააზრებული კითხვის სწავლებისას.
ჩვენ მიერ გამოყენებული მეთოდები თუ აქტივობები ავითარებს ბლუმის ტაქსონომიის თითქმის ყველა საფეხურს.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.ინტერაქტიული გაკვეთილის ელემენტები, ნაწ. I-II, 2006 .
2. ეროვნული სასწავლო გეგმა
3. სწავლებისა და სწავლის ახალი მიდგომები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 2005 წ.
4. ია კუტალაძე (რედ.)ეფექტიანი სწავლებაგამოცდების ეროვნული ცენტრი, კვლევის ლაბორატორია2010
გაკვეთილის გეგმის მოკლე აღწერა
საგანი - ქართული
კლასი - VI
სახელი და გვარი
ნანა ლომიძე
1. თემის სახელწოდება
ფუტკარი. საინფორმაციო ტექსტი
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
ü წაუკითხოს მსმენელს ტექსტიდან სათანადო ადგილი;
ü ერთმანეთისგან განასხვაოს საინფორმაციო და მხატვრული ტექსტები;
ü დააკვირდეს სხვადასხვა ტიპის ტექსტების ენობრივ თავისებურებებს;
ü კონტექსტიდან გამომდინარე, განმარტოს უცნობი სიტყვები;
ü დამოუკიდებლად წაიკითხოს და დაამუშაოს უცნობი ტექსტი;
ü გააანალიზოს მედიატექსტები.
მოსწავლეს უნდა შეეძლოს კრიტიკული აზროვნება, ინფორმაციის დახარისხება, კითხვის დასმა, თანამშრომლობა.
სწავლის შედეგები
ქართ. VI.7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების წაკითხვა, გაგება-გაანალიზება;
ქართ. VI. 11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის ტექსტების ენობრივ თავისებურებებზე დაკვირვება,მსჯელობა;
ქართ. VI. 13. მოსწავლეს შეუძლია კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის მიზნობრივად გამოყენება
მიმდინარეობა
(აქტივობა და დრო)
მოსწავლეები 4 ჯგუფად იყოფიან (0,5 წთ)
აქტივობა 1. ეკრანზე ვაჩვენებ გამოცანას და ვთხოვ, წაიკითხონ, მოიფიქრონ და გამოიცნონ (0,5 წთ)
აქტივობა 2. დავუსვამ კითხვას: ვის შეუძლია გაიხსენოს, როგორია ფუტკარი,რა იციან მის შესახებ (1 წთ)
აქტივობა 3. მეტის გასახსენებლად ვაჩვენებ ეკრანზე ფოტოსა და ვიდეოს(#1)(1 წთ)
აქტივობა 4. ვაცნობ გაკვეთილის თემას და ვთხოვ, ინდივიდუალურად დაწერონ 3 რამ, რაც ფუტკარზე იციან. მაგ., როგორ გამოიყურება, სად ბინადრობს, რით იკვებება (1 წთ)
აქტივობა 5. გაუზიარონ მეწყვილეს და შეაჯერონ ჯგუფში (1 წთ)
აქტივობა 6. გაუზიარონ კლასს ნააზრევი (იწერება დაფაზე) (1წთ)
დაფაზე მივიღებთ ასეთ სქემას

იწერება ყველა მოსაზრება.
აქტივობა 7. ვუხსნი, რომ უნდა შევქმნათ ცნების რუკა, რომელიც ინფორმაციის თვალსაჩინოდ ორგანიზებასა და წარმოდგენაში, მის დამახსოვრებასა და გააზრებაში დაგვეხმარება.
დასახელებული მახასიათებლები უნდა დავაჯგუფოთ რამდენიმე ძირითად კატეგორიად დაფაზე მოცემულ ცხრილში(2 წთ). მოსწავლეებმა თითოეულ ჯგუფს უნდა მოუძებნონ დასახელება.
გარეგნობა
საარსებო გარემო
კვება
აქტივობა 8. (რიგდება წინასწარ შერჩეული საინფორმაციო ტექსტი) ვაძლევ ინსტრუქციას: „წაიკითხეთ ტექსტი დამოუკიდებლად და გამოიყენეთ ეკრანზე ნაჩვენები ფიგურები კითხვის პროცესში (მეთოდი შნსკ). v-ით აღნიშნეთ ყველა ის წინადადება თუ აბზაცი, რომელშიც უკვე ნაცნობი ინფორმაციაა გადმოცემული; +--ით - ახალი, განსხვავებული ინფორმაცია. ?--ით - ბუნდოვანი ინფორმაცია, რომელიც დაზუსტებასა და ახსნას მოითხოვს (15 წთ)
აქტივობა 9. ვაჩვენებ ვიდეორგოლს ფუტკარზე (#2) (წთ)
აქტივობა 10. წაკითხვის შემდეგ ვაჯამებ წაკითხულს, ნანახს და ვაზუსტებ, რა იყო ახალი, რა - ნაცნობი, რა - ბუნდოვანი. ვთხოვ მოსწავლეებს, დაუბრუნდნენ ტექსტს, სურვილისამებრ, წამიკითხონ შესაბამისი ადგილები.(9 წთ)
აქტივობა 11. ახალი ინფორმაციით ცნების რუკის შევსება (2 წთ)
აქტივობა 12თვითშეფასების რუბრიკის შევსება (2 წთ)
შეფასება
მოსწავლეებს ვაფასებ მიმდინარეგანმავითარებელი შეფასებით,ინდივიდუალურად და ჯგუფურად სავარჯიშოს შესრულების დროს, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევკითხვისა და კითხვის შემდგომ ეტაპებ(იხ. შეფასების რუბრიკა)
რესურსები
კომპიუტერი, პროექტორი, დაფა, ცარცი, ფურცლები, მარკერები.
ინფორმაციის წყარო: ნაბეჭდი მასალა, სლაიდი, ფილმი

დაწყებითი სასკოლო განათლების როლი პიროვნების ჩამოყალიბებაში

საგანმანათლებლო რესურსები
 
თქვენ იმყოფებით:  კედლის გაზეთისაგანმანათლებლო რესურსები
დაწყებითი სასკოლო განათლების როლი პიროვნების ჩამოყალიბებაში
თარიღი: 06 დეკემბერი 2013
ავტორი: ქეთევან ოსიაშვილი
მთელი სასკოლო პერიოდის განმავლობაში არ მოიძებნება ხანა, რომელიც ბავშვის პიროვნების ფორმირებაში აქტიური ჩარევის, აღსაზრდელზე ზემოქმედების ისეთ ფართო შესაძლებლობას აძლევდეს აღმზრდელს, პედაგოგს, როგორსაც დაწყებითი სასკოლო პერიოდი. ამავე დროს, არც ერთ პერიოდში არ დგას აღმზრდელი სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობისას შეუმჩნეველი, გაუცნობიერებელი შეცდომების დაშვების ისეთი დიდი საშიშროების წინაშე, როგორისაც დაწყებით კლასებში. ამ პერიოდში აღმზრდელთა შეცდომები, რომელთა შედეგებიც, ჩვეულებრივ, მოგვიანებით იჩენს თავს, სავალალო დაღს ასვამს მოსწავლის პიროვნებას. უფროს სასკოლო ასაკში პედაგოგების მიერ შემჩნეულ იმ ნაკლოვანებათა გამოსწორების ყოველგვარი მცდელობა, რომლებიც წინა წლებში მოზარდთან არასწორი აღმზრდელობითი მუშაობის შედეგია, ხშირად უშედეგოდ მთავრდება.
ყოველივე ეს განპირობებულია პირველი სასკოლო ასაკისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური თავისებურებებით, ამ ასაკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავისებურება კი ის არის, რომ ამ პერიოდში ბავშვი უფროსების, განსაკუთრებით - მასწავლებლის, ყოველგვარ შეფასებას, შენიშვნას, გაკიცხვასა თუ საყვედურს უკრიტიკოდ, მორჩილად იღებს, განურჩევლად იმისა, სამართლიანი და ობიექტურია ის თუ უსამართლო და მიკერძოებული. მასწავლებლის ყოველგვარი ზემოქმედების უკრიტიკოდ მიღება მოსწავლის მიერ განპირობებულია იმით, რომ სასკოლო ცხოვრების დასაწყისში პედაგოგი ბავშვისთვის ხელშეუხებელ და უცილობელ ავტორიტეტს წარმოადგენს. პატარებს ეჭვი არ ეპარებათ მასწავლებლის ქცევის მართებულობაში და მისი განხილვის საჭიროებას ვერ გრძნობენ. უმცროს კლასელებს სიტყვისა და მოქმედების არავითარი მოტივირება, არავითარი არგუმენტაცია არ სჭირდებათ და არც ელიან მასწავლებლისგან. ეს, ერთი მხრივ, მოსწავლეებზე აღმზრდელობითი ზემოქმედების დიდ შესაძლებლობას აძლევს მასწავლებელს, მეორე მხრივ კი ხელს უშლის, დაინახოს საკუთარი შეცდომები მოსწავლის ცოდნისა და პიროვნების შეფასების, ამა თუ იმ სააღმზრდელო ღონისძიების გამოყენებისას. გარდამავალ და უფროს სასკოლო ასაკში მოსწავლის ჯიუტობა, უხეშობა, უკმაყოფილება მასწავლებლის მიმართ ამ უკანასკნელის მიერ ამა თუ იმ სააღმზრდელო ღონისძიების გამოყენების, მოზარდის ცოდნისა და პიროვნების შეფასების დროს ერთგვარად სასიგნალო ფუნქციას ასრულებს პედაგოგებისთვის და ყველა თუ არა, ზოგიერთი მათგანი მაინც საჭიროდ მიიჩნევს, ანალიზისა და კრიტიკის საგნად აქციოს თავის მიერ გამოყენებულ ღონისძიებათა ვარგისობა და სამართლიანობა, და თუ ასეთი პედაგოგი მასთან კონფლიქტში მყოფ მოსწავლესთან ურთიერთობისას ვეღარაფერს შეცვლის, შეეცდება მაინც, სხვასთან აღარ მოუვიდეს იგივე შეცდომა და ურთიერთობა სხვაგვარად წარმართოს.
ვინაიდან დაწყებით კლასებში მასწავლებელი არც ერთი აღმზრდელობითი ღონისძიების გამოყენებისას არ აწყდება ბავშვის წინააღმდეგობას, მას არავითარი კრიტერიუმი არ გააჩნია საკუთარი მოქმედების სამართლიანობისა და ვარგისობის შესაფასებლად და ამიტომ ნაკლებად მიმართავს თვითკრიტიკას, საკუთარი აღმზრდელობითი ზემოქმედების კრიტიკულ ანალიზს. ყოველივე ამან კი, ადვილი შესაძლებელია, ხელი შეუწყოს მასწავლებლის მიერ არასწორი აღმზრდელობითი ღონისძიებების სისტემატურ გამოყენებას, ეს კი, თავის მხრივ, მოსწავლის პიროვნების განვითარების მცდარი გეზით წარმართვის მიზეზად იქცეს. ამ მხრივ განსაკუთრებით დიდია საფრთხე სასაკოლო ცხოვრების დასაწყისში, ბავშვის სკოლასთან ადაპტაციის დროს, რადგან სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბებული დამოკიდებულებები და ღირებულებები განსაზღვრავს ბავშვის მთელი სასკოლო ცხოვრების ხასიათს, იმას, რამდენად მიმზიდველი და საინტერესო იქნება მისთვის სკოლა და სწავლის პროცესი.
სამწუხაროდ, პედაგოგებისა და მშობლების უმრავლესობას არასწორად ესმის ბავშვის სკოლასთან ადაპტაციის ცნება. მათი აზრით, სკოლასთან ადაპტაცია ნიშნავს მასწავლებლისადმი ბავშვის უსიტყვო მორჩილებას, მისი მოთხოვნების უსიტყვო და განუხრელ შესრულებას. უნდა ითქვას, რომ ბავშვების უმრავლესობას ძალიან ადვილად, სულ რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოუმუშავდება აღნიშნული უნარი, მაგრამ რაკი მასწავლებლისადმი უსიტყვო მორჩილება უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური თავისებურებებით შეიძლება იყოს გამოწვეული, მხოლოდ ეს უნარი ვერ გამოდგება იმის შესაფასებლად, როგორ მიმდინარეობს და როდის მთავრდება ამა თუ იმ ბავშვში სკოლასთნ ადაპტაციის პროცესი. ზოგიერთი პედაგოგის აზრით, ბავშვის სკოლასთან ადაპტაციის პროცესი სულ რამდენიმე კვირას უნდა გაგრძელდეს და თუ ის ამ ხნის განმავლობაში ვერ მიეჩვია სკოლის მიერ წაყენებული მოთხოვნების შესრულებას, მასთან საგანგებო მუშაობაც ვეღარაფერს შეცვლის, ადრე თუ გვიან ის მაინც ძნელად აღსაზრდელთა რიგებში მოხვდება. ხშირად უფროსები ამა თუ იმ მოსწავლის შესახებ ასეთ წარმოდგენას მასთან უშუალო ურთიერთობის დროსაც ვერ მალავენ და ადვილი შესაძლებელია, სასკოლო ცხოვრების დასაწყისში მასწავლებლის ასეთი შეფასებითი დამოკიდებულებით დაღდასმული ბავშვი მომავალში მართლაც მოხვდეს სკოლის რეჟიმს შეუგუებელ და ძნელად აღსაზრდელ მოსწავლეთა რიცხვში. თავისთავად ცხადია, მიზეზთა გამო შეუძლებელია, სკოლასთან ადაპტაციის პროცესი ყველა ბავშვში ერთნაირად წარიმართოს და ერთსა და იმავე ხანს გაგრძელდეს, ამიტომ, თუნდაც მოსწავლეს სკოლაში მისვლიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი უჭირდეს სკოლის მოთხოვნების შესრულება, ეს არ გვაძლევს უფლებას, მასთან მუშაობა უშედეგოდ და უიმედოდ მივიჩნიოთ და მასში აუცილებლად ძნელად აღსაზრდელი მოსწავლე დავინახოთ. ამასთან, არც უსიტყვო მორჩილებაა იმის ნიშანი, რომ სკოლასთან ადაპტაციის პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს და მოსწავლის ადაპტაციის დონე მაღალია. ბავშვის სკოლასთან ადაპტაციის დონისა და ხასიათის განსაზღვრისთვის აუცილებელია ვიცოდეთ: პირველკლასელის სკოლისადმი დამოკიდებულების ხასიათი; რამდენად ადეკვატურად აღიქვამს ის წაყენებულ მოთხოვნებს; როგორ ითვისებს სასწავლო მასალას; რამდენად ყურადღებიანია გაკვეთილზე; აინტერესებს თუ არა ის, რასაც გაკვეთილზე ეუბნებიან; შეუძლია თუ არა დავალებების გარეგანი კონტროლის გარეშე შესრულება; როგორია მისი სოციალური სტატუსი კლასში; იჩენს თუ არა ინტერესს დამოუკიდებელი სასწავლო საქმიანობისადმი.
სასკოლო ცხოვრების დასაწყისი ძალზე სათუთი და ყველაზე კეთილსასურველი პერიოდია იმისთვის, რომ ბავშვს სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულება გამოუმუშავდეს, ამისთვის კი აუცილებელია, პედაგოგმა შთაუნერგოს მას საკუთარი შესაძლებლობების რწმენა, ხელი შეუწყოს საკუთარი მდგომარეობის, საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატურ შეფასებაში, მით უმეტეს, რომ ადეკვატური თვითშეფასება სკოლასთან ბავშვის ადაპტაციის და მასთან ურთიერთობისას მოსალოდნელი სირთულეების თავიდან აცილების ხელშემწყობი ფაქტორია. ვინაიდან თვითშეფასება - საკუთარი შესაძლებლობებისა და თვისებების შეფასების უნარი - სასკოლო ცხოვრების დასაწყისში ბავშვს ძირითადად მასწავლებელთან შეფასებითი დამოკიდებულების, მასწავლებლის მიერ მისი პიროვნებისა და შესაძლებლობების შეფასების საფუძველზე უყალიბდება, აღნიშნულ პერიოდში პედაგოგს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს ბავშვის პიროვნების, მისი თვისებებისა და შესაძლებლობების შეფასების დროს. განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს ბავშვზე სასკოლო ცხოვრების დასაწყისში მისი პიროვნების უარყოფითი შეფასება მასწავლებლის მხრივ. საყურადღებო ფაქტად უნდა ჩაითვალოს ის, რომ მთელი სასკოლო ცხოვრების განმავლობაში პედაგოგები ყველაზე ხშირად დაწყებით კლასებში იყენებენ უარყოფით შეფასებებს - სწორედ იმ პერიოდში, როცა ბავშვებს ყველაზე ნაკლებად სჭირდებათ ეს. ამას ალბათ ხელს უნდა უწყობდეს უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური თავისებურება - უსიტყვოს დაემორჩილოს მასწავლებელს და მისი ყოველგვარი შეფასება უკრიტიკოდ მიიღოს. სავარაუდოდ, ბავშვის ამ ასაკობრივი თავისებურების გამო ამ პერიოდში ბევრი პედაგოგი უხვად იყენებს გამკიცხავ სიტყვებს - როგორც საჭიროებისას, ასევე მაშინაც, როცა ამის აუცილებლობა არ არსებობს. მაგალითად, ხშირია შემთხვევა, როცა მასწავლებელი კიცხავს დაწყებითი კლასის მოსწავლეს იმის გამო, რომ მან ვერ გაიგო მისი ახსნილი, ვერ დაწერა ისე, რომ მასწავლებელს მოსწონებოდა, ვერ კითხულობს ისე სწრაფად და უშეცდომოდ, როგორც მასწავლებელი მოითხოვს მისგან. ასეთ დროს მასწავლებლის საყვედურები უფრო მეტად აშინებს, აბნევს ბავშვს, აეჭვებს საკუთარ შესაძლებლობებში, საკუთარ ძალებში, ყოველივე ეს კი მის მოქმედებას გაუმჯობესების ნაცვლად აუარესებს. ამიტომ სასურველია, დაწყებით კლასებში რაც შეიძლება ნაკლებად გამოვიყენოთ უარყოფითი შეფასება, იშვიათად, მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში გავკიცხოთ და ვუსაყვედუროთ ბავშვს. დაწყებით კლასებში, განსაკუთრებით კი სწავლის პირველ წელს, მოსწავლე თავისი შესაძლებლობების მაქსიმალური ამოქმედებით ცდილობს შეასრულოს მასწავლებლის ყოველი დავალება და თუ რაიმე ისე არ გამოსდის, როგორც მისგან მოითხოვენ, კი არ უნდა გავკიცხოთ და ვუსაყვედუროთ, არამედ უნდა დავეხმაროთ. დაწყებით კლასებში მოსწავლის მიმართ უარყოფითი შეფასების, გამკიცხავი სიტყვებისა და საყვედურების გამოყენება იმითაც არის ცუდი, რომ ამ პერიოდში ძირითადად მასწავლებლის შეფასებასა და მოქმედებაზეა დამოკიდებული, როგორ შეაფასებენ მოსწავლეს თანატოლები, როგორი წარმოდგენა შეექმნებათ მასზე, როგორ განხორციელდება მასთან სოციალური ადაპტაციის პროცესი და რა ადგილს დაიკავებს ის თანატოლთა შორის, როგორი იქნება მისი სოციალური სტატუსი ჯგუფში. ცნობილია, რომ თუ ბავშვი დაწყებით კლასებში ხშირად იმსახურებს მასწავლებლისგან უარყოფით შეფასებას, თანატოლებს მისდამი უარყოფითი დამოკიდებულება გამოუმუშავდებათ - არ სურთ მასთან თამაში, გაურბიან მასთან ურთიერთობას. თანაკლასელების ასეთი დამოკიდებულების გამო ბავშვი ხდება ჩაკეტილი, გულჩათხრობილი, გაკვეთილზე პასუხის დროს შიში ეუფლება და მაქსიმალურად ვერ ავლენს თავის ცოდნასა და შესაძლებლობებს. ამ პერიოდში ის არავითარ ხერხს არ მიმართავს, რომ თანატოლებს მისდამი დამოკიდებულება შეაცვლევინოს, მოგვიანებით კი, როცა მას სოციალური აღიარების მოთხოვნილება გაუჩნდება, ის ყოველ ღონეს ხმარობს თანატოლთა მხრივ აღიარებისა და პატივისცემის მოსაპოვებლად და ამისთვის ხშირად არცთუ სასურველ გზას ირჩევს - იწყებს გაკვეთილზე ცელქობას, ხელს უშლის მასწავლებელს, ცდილობს მის წონასწორობიდან გამოყვანას, რის გამოც ხშირად იმსახურებს შენიშვნებს, მაგრამ ეს სრულიადაც არ აღელვებს; პირიქით, ყველაფერს აკეთებს, რომ რაც შეიძლება ხშირად მიიღოს შენიშვნა და საყვედური, რადგან ეს საშუალებას აძლევს, ხშირად მოხვდეს თანატოლთა ყურადღების ცენტრში. თუ ასეთმა მოსწავლემ მაინც ვერ დაიკავა ჯგუფში სასურველი ადგილი და თანატოლთა მხრივ აღიარებას ვერ მიაღწია, ის სხვა გზების ძებნას იწყებს. ეძებს ადამიანებს, რომლებიც მას აღიარებენ და პატივს სცემენ; მათ უმეტესად ქუჩაში პოულობს და ადვილად ექცევა ქუჩის გავლენის ქვეშ. ასე ყალიბდება სისტემატური უარყოფითი შეფასების საფუძველზე გართულებული სოციალური ადაპტაციის შედეგად ერთ დროს მშვიდი, წყნარი, გულჩათხრობილი, დამჯერი, უწყინარი ბავშვისგან, რომელიც უსიტყვოდ და უკრიტიკოდ იღებდა მასწავლებლის ყოველ შენიშვნასა და საყვედურს, ძნელად აღსაზრდელი და მომავალში საზოგადოებისთვის საშიში პიროვნება. ამიტომ დაწყებით კლასებში, განსაკუთრებით კი ბავშვის სკოლასთან ადაპტაციის პერიოდში, ყოველნაირად უნდა ვერიდოთ ბავშვის პიროვნებისა და შესაძლებლობების უარყოფით შეფასებას, მეტადრე - მისი თანატოლების თანდასწრებით, ვინაიდან მომავალში ეს შესაძლოა დაუძლეველ სირთულეთა აღმოცენების მიზეზად იქცეს.

კვალიფიციური საკლასო შეფასების ინდიკატორები

კვალიფიციური საკლასო შეფასების ინდიკატორები

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მოსწავლის შეფასების მიზანია სწავლა-სწავლების
ხარისხის მართვა, რაც სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვას და მის კონტროლს
გულისხმობს.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში განირჩევა საკლასო შეფასების ორი სახესხვაობა:
განმსაზღვრელი და განმავითარებელი. პირველი ფართოდ გამოიყენება სკოლაში, თუმცა კი
მისი ხარისხი დახვეწას საჭიროებს. რაც შეეხება განმავითარებელ შეფასებას, ის ნაკლებადაა
ცნობილი ჩვენი პედაგოგებისთვის და მისი არსი, სტრატეგიები თუ ტექნიკა სპეციალურ
განმარტებას მოითხოვს.
განმავითარებელი შეფასება არის უწყვეტად მიმდინარე პროცესი, რომლის მიზანია:
1. დაგროვდეს ფაქტები/მონაცემები მოსწავლეთა სწავლის შესახებ;
2. უზრუნველყოფილ იქნეს უკუკავშირი სწავლის შესახებ მოსწავლეებისა და
მასწავლებლებისთვის;
3. შეივსოს “ღიობები” მოსწავლის არსებულ კომპეტენციებსა და სასურველ/სამიზნე
კომპეტენციებს შორის.

განმავითარებელი შეფასება:
● ცხადად და უშუალოდ უნდა იყოს დაკავშირებული სწავლების მიზნებთან;
● დაკავშირებული უნდა იყოს სწავლებასთან;
● მოიცავდეს მრავალფეროვან მეთოდებსა და სტრატეგიებს;
● განაპირობებდეს ცვლილებებს მოსწავლეთა განვითარების მიმართულებით.

განმავითარებელი შეფასება სამი სახისაა:
● მასწავლებლის მიერ ექსპრომტად შესრულებული;
● ინტერაქციისთვის დაგეგმილი;
● სწავლებასთან შერწყმული. 2


განმავითარებელი შეფასება შეიძლება დაკავშირებული იყოს:
● მოსწავლის ქცევაზე დაკვირვებასთან (მასწავლებელი აკვირდება, როგორ ასრულებს
მოსწავლე, მაგალითად, პრეზენტაციას ან კვლევას);
● წერითი დავალებების შესრულებასთან (მასწავლებელი აანალიზებს, მაგალითად,
მოსწავლის მომზადებულ საშინაო დავალებას ან პროექტს);
● დისკუსიასთან (კლასში მიმდინარეობს ერთმანეთისთვის კითხვების დასმა და მათზე
პასუხის გაცემა მსჯელობა-დასაბუთების თანხლებით, საკითხის განხილვა მცირე ჯგუფებში
ან მოსწავლეთა მინიკონფერენციები მასწავლებლის მონაწილეობით);
● ტესტირებასთან (მასწავლებელი ატარებს ქვიზს, სკრინინგულ/მიმოხილვით ან
დიაგნოსტიკურ ტესტირებას);
● მოსწავლეთა თვითშეფასებასთან.
იმისთვის, რომ მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით ამოიცნონ და შეავსონ ცოდნასა
და უნარ-ჩვევებში არსებული მათთვის უხილავი “ღიობები”, მასწავლებელმა კლასთან უნდა
შესრულოს აქტივობათა ციკლი, რომელიც მოიცავს:
1. სწავლის შესახებ ინფორმაციის შეკრებას მასწავლებლის მიერ შესრულებული შეფასებისა
და მოსწავლეთა თვითშეფასების გზით;
2. მონაცემთა ანალიზსა და განმარტებას;
3. მოსწავლეთა კომპეტენციებში არსებული “ღიობების” დადგენას;
4. სწავლების მიზნების დასახვას;
5. წარმატების კრიტერიუმების ჩამოყალიბებას;
6. მოსწავლეთა საჭიროებებისადმი სასწავლო აქტივობათა მისადაგებას ანუ სწავლების
დიფერენცირებას;
7. სკაფოლდინგს მოსწავლეთა განვითარების უახლოეს ზონაში.

ამ ციკლის დასრულების შედეგი იქნება გაურკვევლობათა აღმოფხვრის გზით მოსწავლეთა
ცოდნასა და უნარ-ჩვევებში არსებული “ღიობების” ამოვსება. ამასთანავე,
გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა მოსწავლეს სხვადასხვა “ღიობი” ექნება და მათი
შევსება მოსწავლეთა საჭიროებებს მისადაგებულ სასწავლო აქტივობათა საშუალებით უნდა
მოხდეს. ეს აქტივობები მოსწავლის განვითარების უახლოესი ზონის ფარგლებში უნდა იყოს
მოქცეული და მასწავლებელიც ამ ზონის ფარგლებში უნდა აწარმოებდეს სკაფოლდინგს
მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობისთვის. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც,
რომ სწავლის ინტენსივობისა და შედეგიანობის მაქსიმალურად გაზრდისთვის მოსწავლის 3

ინდივიდუალურ ზრდას უფრო უნდა გამახვილდეს ყურადღება, ვიდრე სხვებთან მის
შედარებაზე.
ამ ციკლის შესასრულებლად მასწავლებელი კარგად უნდა ფლობდეს სასწავლო შინაარსს,
დასახული მიზნისკენ სვლის სასწავლო ტრაექტორიებს, მოსწავლეთა მიერ მოცემული
საკითხის ცოდნის ნიმუშებს (როგორც სრულყოფილს, ასევე ხარვეზებიანს, მაგალითად,
მოსწავლეთა ტიპურ შეცდომებს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით), მოცემული საკითხის
სწავლისთვის საჭირო წინარე ცოდნისა და უნარ-ჩვევების განსაზღვრის ხერხებს. გარდა
ამისა, შეფასებაში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობის გამო მასწავლებელმა უნდა იცოდეს
მოსწავლის მეტაკოგნიციის (თვითრეგულირების, თვითშეფასების, მოტივაციის) შესახებ
არსებული თეორია და პრაქტიკა. ამასთანავე, მისი პედაგოგიური ცოდნა უნდა მოიცავდეს
ამა თუ იმ სასწავლო შინაარსის სწავლების მრავალ განსხვავებულ მოდელს,
დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიებს, მოსწავლეთათვის მეტაკოგნიტური
სტრატეგიების სწავლების მოდელებს.
მოსწავლეთა შეფასებისას მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რომ იგი უნდა დაეყრდნოს
მხოლოდ ვალიდური და სანდო შეფასების მონაცემებს, შეეძლოს ასეთი მონაცემების
განმარტება მოსწავლეებისთვის გასაგებ ენაზე, სწავლების მისადაგება კლასში მოსწავლეთა
მზაობის ერთნაირი დონის მიხედვით შექმნილი ჰომოგენური ჯგუფების საჭიროებებისადმი
მაინც (თუ ინდივიდუალური საჭიროებებისადმი არა), მათი განვითარების უახლოესი
ზონის განსაზღვრა და ამ ზონაში სკაფოლდინგი.
მასწავლებელს ჩამოყალიბებული უნდა ჰქონდეს მრწამსი, რომ განმავითარებელი შეფასება
ფასეულია, იგი მნიშვნელოვან და ქმედით ინფორმაციას იძლევა მოსწავლეთა სწავლის
შესახებ, განუყოფელია სწავლებისგან, მოსწავლეები მისი პარტნიორები არიან
განმავითარებელ შეფასებასა და სწავლებაში.
საზოგადოდ, კვალიფიციური საკლასო შეფასება, რომელიც მოიცავს ზუსტი ინფორმაციის
შეკრებას და ამ ინფორმაციისა და შეფასების პროცედურების ეფექტიან გამოყენებას,
შემდეგი ინდიკატორებით ხასიათდება:

1. რატომ უნდა შეფასდეს?
შეფასების პროცედურები და
შედეგები გამოიყენება ცხადი
და ადეკვატური
მიზნებისთვის.
◊ მასწავლებელმა იცის, ვინ და რისთვის იყენებს საკლასო
შეფასებით მოძიებულ ინფორმაციას და როგორია მათი
საჭიროებანი შეფასებასთან დაკავშირებით.
◊ მასწავლებელი აცნობიერებს მიმართებას შეფასებასა და
მოსწავლეთა მოტივაციას შორის და ისე ასრულებს
შეფასებას, რომ მოტივაცია გაზარდოს.
◊ მასწავლებელი მოსწავლეებთან მიმართავს
განმავითარებელ შეფასებას (შეფასებას სწავლისთვის).
◊ მასწავლებელი მოსწავლეებთან მიმართავს განმსაზღვრელ
შეფასებას (სწავლის შედეგების შეფასებას).
◊ მასწავლებელს აქვს გონივრული გეგმა, დროდადრო
განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების
ინტეგრირება მოახდინოს. 4

2. რა უნდა შეფასდეს?
შეფასება ასახავს მოსწავლეთა
სწავლის ცხად და
მნიშვნელოვან მიზნებს.
◊ მასწავლებელი გააზრებული აქვს სხვადასხვა სასწავლო
მიზანი, რომლებსაც წარუდგენს მოსწავლეებს.
◊ მასწავლებელი შეარჩევს იმ სასწავლო მიზნებს, რომლებიც
ფოკუსირებულია ყველაზე მნიშვნელოვან კომპეტენციებზე,
რომელთაც უნდა დაეუფლონ მოსწავლეები.
◊ მასწავლებელს აქვს გონივრული გეგმა, დროდადრო
გადასინჯოს და ცვალოს სასწავლო მიზნები.
3. როგორ უნდა შეფასდეს?
სასწავლო მიზნების
საფუძველზე შექმნილია
ისეთი შეფასება
(ინსტრუმენტი და
პროცედურა), რომელიც
ზუსტ შედეგებს
უზრუნველყოფს.
◊ მასწავლებელი იცნობს შეფასების სხვადასხვა მეთოდს.
◊ მასწავლებელს შეუძლია იმ მეთოდის შერჩევა, რომელიც
შეესაბამება სასწავლო მიზანს.
◊ მასწავლებელს შეუძლია მიზნის შესაფერისი შეფასების
დიზაინი.
◊ მასწავლებელს შეუძლია, ერთმანეთს შეურწყას სწავლა და
შეფასება.
◊ მასწავლებელი მარჯვედ სვამს შეფასებისთვის საჭირო
კითხვებს.
◊ მასწავლებელს შეუძლია თავი არიდოს მიკერძოების
წყაროებს, რომლებიც ხარვეზიანს ხდის შედეგებს.
4. როგორ უნდა მოხდეს
განხილვა?
შეფასების შედეგები
ორგანიზებულია და
წარმოდგენილია
ეფექტურად.
◊ მასწავლებელი ზუსტად აღრიცხავს შეფასების შედეგებს,
კონფიდენციალურად ინახავს მათ და შესაფერისად
წარმოადგენს დაჯამებული სახით (ნიშნების ჩათვლით). ეს
შეჯამება ზუსტად ასახავს მოსწავლეთა სწავლის არსებულ
დონეს.
◊ მასწავლებელს შეუძლია შეარჩიოს საუკეთესო ფორმა
შედეგების წარმოდგენისთვის (ნიშნები, აღწერილობითი
უკუკავშირი, პორტფოლიო, კონფერენცია) ყოველ
კონტექსტში (სასწავლო მიზნებისა და დაინტერებული
მხარეების გარკვეული ერთობლიობა).
◊ მასწავლებელი სწორად განმარტავს და იყენებს
სტანდარტიზებული ტესტის შედეგებს.
◊ მასწავლებელი ეფექტურად განიხილავს შეფასების
შედეგებს მოსწავლეებთან.
◊ მასწავლებელი ეფექტურად განიხილავს შეფასების
შედეგებს სხვადასხვა აუდიტორიასთან (მშობლების,
კოლეგებისა და სხვა დაინტერესებული პირების ჩათვლით).
5. როგორ უნდა ჩაერთონ
შეფასებაში მოსწავლეები?
მოსწავლეები მონაწილეობენ
საკუთარი სწავლის
შეფასებაში.
◊ მასწავლებელი მკაფიოდ უყალიბებს მოსწავლეებს
სასწავლო მიზნებს.
◊ მასწავლებელი რთავს მოსწავლეებს შეფასებაში,
პროგრესისთვის თვალყურის დევნებაში და საკუთარი
თავისთვის მიზნების დასახვაში.
◊ მასწავლებელი რთავს მოსწავლეებს საკუთარი სწავლის
განხილვაში.
 5

ნათელია, რომ როგორც ყველა სხვა ინოვაციური პრაქტიკა, უწყვეტი და სისტემური
საკლასო (განსაკუთრებით კი განმავითარებელი) შეფასების წარმატებული პრაქტიკის
დანერგვაც სკოლის თანამშრომლების მნიშვნელოვან და მიზანმიმართულ ძალისხმევას
მოითხოვს. მათ წინ უნდა უძღვოდეთ საგანმანათლებლო ლიდერი - ეს შეიძლება იყოს
სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, რომელიმე კათედრის
გამგე, სკოლის მენტორი-მასწავლებელი ან თუნდაც მოწვეული ექსპერტი. ქვემოთ
მოყვანილია კითხვარი ამგვარი საგანმანათლებლო ლიდერის კომპეტენციების
შეფასებისთვის.

საგანმანათლებლო ლიდერის საშემფასებლო კომპეტენციები
1. საგანმანათლებლო ლიდერს გააზრებული აქვს მოსწავლეთა შეფასების სტანდარტები და
ის, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ სტანდარტების დაკმაყოფილება ყველა სახის შეფასებაში.
დაბალი 1.......... 2 3 4 5 მაღალი
2. საგანმანათლებლო ლიდერს გააზრებული აქვს განმავითარებელი შეფასების პრინციპები
და ცდილობს მათ პრაქტიკაში დანერგვას.
დაბალი 1.......... 2 3 4 5 მაღალი
3. საგანმანათლებლო ლიდერს გააზრებული აქვს მოსწავლეებთან შეთანხმებული სასწავლო
მიზნების საჭიროება და ამ მიზნების კავშირი ზუსტი შეფასების ჩამოყალიბებასთან.
დაბალი 1.......... 2 3 4 5 მაღალი
4. საგანმანათლებლო ლიდერმა იცის და შეუძლია შეაფასოს მასწავლებლის საშემფასებლო
კომპეტენციები, დაეხმაროს მასწავლებლებს, ზუსტად შეაფასონ მოსწავლეები და
ნაყოფიერად გამოიყენონ შეფასების შედეგები.
დაბალი 1.......... 2 3 4 5 მაღალი
5. საგანმანათლებლო ლიდერს შეუძლია დაგეგმოს, წარმოადგინოს ან მასწავლებლებისთვის
შეინარჩუნოს პროფესიული განვითარების აქტივობები, რომლებიც წაადგება შეფასების
წარმატებული პრაქტიკის დანერგვას.
დაბალი 1.......... 2 3 4 5 მაღალი
6. საგანმანათლებლო ლიდერი ღრმად აანალიზებს შეფასების შედეგებს, იყენებს მიღებულ
ინფორმაციას სასწავლო გეგმისა და სწავლების გასაუმჯობესებლად და ეხმარება
მასწავლებლებს ანალოგიურ საქმიანობაში.
დაბალი 1.......... 2 3 4 5 მაღალი
7. საგანმანათლებლო ლიდერს შეუძლია, წარმატებით განახორციელოს შეფასება და
დანერგოს შეფასებასთან დაკავშირებული პრაქტიკა. 6

დაბალი 1.......... 2 3 4 5 მაღალი
8. საგანმანათლებლო ლიდერი ქმნის მოსწავლეთა მიღწევების შესახებ ინფორმაციის
მიზანშეწონილი გამოყენებისა და წარმოდგენის აუცილებელ პირობებს, შეუძლია,
ეფექტურად განიხილოს სასკოლო საზოგადოების ყველა წევრთან მოსწავლეთა შეფასების
შედეგები და მათი კავშირი სასწავლო გეგმისა და სწავლების გაუმჯობესებასთან.
დაბალი 1.......... 2 3 4 5 მაღალი
9. საგანმანათლებლო ლიდერს გააზრებული აქვს წარმატებული და დაბალანსებული
შეფასების სისტემის კომპონენტები და მახასიათებლები.
დაბალი 1.......... 2 3 4 5 მაღალი
10. საგანმანათლებლო ლიდერს გააზრებული აქვს მოსწავლეთა შეფასების შედეგების
არაეთიკური და შეუფერებელი გამოყენების საკითხები და იცავს მოსწავლეებსა და
თანამშრომლებს ამგვარი მცდარი გამოყენებისგან.
დაბალი 1.......... 2 3 4 5 მაღალი 

სასწავლო პროცესის ძირითადი პრიორიტეტები დაწყებით კლასებში

საგანმანათლებლო რესურსები
 
თქვენ იმყოფებით:  კედლის გაზეთისაგანმანათლებლო რესურსები
სასწავლო პროცესის ძირითადი პრიორიტეტები დაწყებით კლასებში
თარიღი: 16 დეკემბერი 2013
ავტორი: ქეთევან ოსიაშვილი
დაწყებითი სასკოლო პერიოდის როლი და მნიშვნელობა სასკოლო ცხოვრების შემდგომ ეტაპებზე წარმატებების მისაღწევად განუზომლად დიდია. საშუალო და უფროს სასკოლო ასაკში მოსწავლის სასკოლო წარმატებებს ძალიან ხშირად განსაზღვრავს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც ჯერ კიდევ ადრეულ სასკოლო პერიოდში უყალიბდება ბავშვს. აქ ჩვენ მოვიაზრებთ არა მხოლოდ სოციალურ, არამედ სააზროვნო უნარ-ჩვევებსაც. ალბათ, დაწყებითი კლასების ნებისმიერი მასწავლებლისთვის საინტერესო იქნება, თუ რა უნარ-ჩვევების განვითარებაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული ამ ასაკობრივ საფეხურზე იმისათვის, რომ ჩვენი მოსწავლე სასკოლო სწავლების ზედა საფეხურებზე წარმატებებს აღწევდეს და საკუთარი თავის რეალიზებას მაქსიმალურად ახდენდეს. სასწავლო პროცესში წარმატებებს დიდ წილად აზროვნების განვითარების სათანადო დონე ესაჭიროება. ამდენად, სასკოლო სწავლების პირველივე დღეებიდანვე ბავშვის აზროვნების განვითარებაზე ზრუნვა ერთ-ერთ პრიორიტეტად უნდა ვაქციოთ.
სამწუხაროდ, ბევრი ფიქრობს, რომ დაწყებით კლასებში მაღალი დონის სააზროვნო ოპერაციები (ანალიზი, სინთეზი, შეფასება) ბავშვისათვის დაუძლეველია, ამდენად, ამ ასაკში ანალიზის, სინთეზისა და შეფასების უნარის განვითარებაზე ზრუნვას აზრი არა აქვს და ძირითადად უფრო დაბალი დონის სააზროვნო უნარების (ცოდნის, გაგების, გამოყენების) განვითარებაზე უნდა ვიფიქროთ. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ზემოთ ჩამოთვლილი უნარების განვითარებაზე ზრუნვა ჯერ კიდევ სკოლამდელ პერიოდშია საჭირო, რადგანაც, როცა სკოლაში სწავლისათვის ბავშვის ინტელექტუალურ მზაობას იკვლევენ, იმის დადგენასაც ცდილობენ, თუ როგორ აქვს განვითარებული მას ანალიზის უნარი. მაინც რა შეიძლება გავაკეთოთ სასკოლო სწავლების საწყის ეტაპზე მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარების ხელშესაწყობად. პირველ კლასში ამის გაკეთება ძალიან ადვილად შეიძლება თუნდაც ანბანის სწავლების პროცესში. ამისათვის საკმარისი იქნება ვთხოვოთ ბავშვს შეადაროს ერთმანეთს შესწავლილი ასოები, მაგ. ვუხსნით ასო ”მ”-ს და ვაძლევთ დავალებას გვითხრას რითი გავს და რითი განსხვავდება ერთმანეთისაგან ასო ”მ” და ასო ”ნ”. შეადაროს ერთმანეთს სიტყვები მაგ. ”მუხა” და ”ხე” - იპოვოს მათ შორის მსგავსება და განსხვავება. ასეთი დავალებები, ერთის მხრივ, ანალიზის უნარის განვითარებას უწყობს ხელს და, მეორეს მხრივ, ისეთი ფსიქიკური პროცესების განვითარების ხელშემწყობიც ხდება, როგორიცაა აღქმა და ყურადღება. ცნობილია, რომ ბავშვის აღქმა, მოზრდილის აღქმისაგან განსხვავებით, უფრო დიფუზურია დ მოკლებულია შინაგან დანაწევრებულობას, რის გამოც ის ხშირად უშვებს შეცდომებს წერა-კითხვის დროს, ურევს ერთმანეთში მსგავს ასოებს, უჭირს ცალკეული დეტალების აღქმა. ყოველივე აღნიშნული სერიოზულ პრობლემებს უქმნის მას სწავლის პროცესში და საყვედურებსაც ხშირად იღებს უფროსებისაგან.
მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებში ნაკლები იყოს დახურული შეკითხვების ხვედრითი წილი. უფრო ხშირად გამოვიყენოთ ღია შეკითხვები და კითხვითი სიტყვა ”რატომ?” მაგ. ”რატომ არ მოდის თოვლი ზაფხულობით?”, ”რატომ მიფრინავენ შემოდგომაზე ფრინველები თბილ ქვეყნებში?” და ა. შ. ასეთ შეკითხვებს ბავშვები ”საინტერესო” შეკითხვებს უწოდებენ და სწორედ ასეთი შეკითხვები ხდება ანალიზის უნარის განვითარების ხელშემწყობი.
ბავშვის სააზროვნო უნარების განვითარებაზე ზრუნვა სასკოლო სწავლების პირველივე დღეებიდანვე იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ცოტა მოგვიანებით ის გააზრებული კითხვის უნარის განვითარებაშიც დაგვეხმარება. გააზრებული კითხვის უნარის დეფიციტი ბავშვებში ჩვენი სკოლების ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ, აღნიშნული უნარის განვითარებაზე ზრუნვა კითხვის დაწყების პირველივე დღეებიდანვე უნდა იქცეს სასწავლო პროცესის პრიორიტეტად პედაგოგებისათვის. ამისათვის, კარგი იქნება, თუ სწორად შევარჩევთ კითხვის სტრატეგიებს. სამწუხაროდ, ჩვენს სკოლებში დღესაც კითხვის წამყვანი სტრატეგიაა ”გაგრძელებით კითხვა” და ეს იმ დროს, როცა აღნიშნული სტრატეგია ყველაზე ნაკლებ ეფექტიანია გააზრებული კითხვის უნარის განვითარებისათვის. მის ნაკლებ ეფექტიანობას განაპირობებს, უპირველეს ყოვლისა, ის, რომ ერთ კლასში მყოფი ბავშვები ხშირად ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ცოდნით, უნარებით, ასევე კითხვის, მოქმედების, მეტყველების ბუნებრივი ტემპით. არცთუ ისე იშვიათია შემთხვევა, როცა ბავშვი, რომელიც უკვე საკმაოდ თავისუფლად კითხულობს, იძულებულია, გაგრძელებით კითხვის დროს, მოთმინებით დაელოდოს თავის თანაკლასელს, რომელსაც უჭირს კითხვა. ამასთან, ასეთი კითხვის პროცესში ბავშვმა თითი არ უნდა აიღოს ტექსტიდან, როცა სხვა კითხულობს, იმის გამო, რომ ნებისმიერ მომენტში მასწავლებელმა შეიძლება მას გააგრძელებინოს კითხვა. ხშირ შემთხვევაში, ”გაგრძელებით კითხვის” დროს, ბავშვებს ბეზრდებათ ერთმანეთის ლოდინი და თითს აღარ აყოლებენ ტექსტს, რის გამოც პედაგოგის მხრიდან საყვედურებს იმსახურებენ. გარდა ამისა, მრავალრიცხოვან კლასში, ტექსტის ერთი ნაწილის წაკითხვის შემდეგ ხშირად ბავშვი ეთიშება კითხვის პროცესს, ვინაიდან გრძნობს, რომ ამდენ ბავშვში მას აღარ მოუწევს კითხვის გაგრძელება. ყოველივე აღნიშნულის გამო, უმჯობესია, ”გაგრძელებით კითხვის” ნაცვლად, ან თუნდაც მის პარალელურად გამოვიყენოთ კითხვის ის სტრატეგიები, რომლებიც გააზრებული კითხვის უნარის უკეთესად განვითარების შესაძლებლობას იძლევა და რომლებსაც ჩვენი სკოლების პედაგოგთა საკმაოდ დიდი ნაწილი, ჯერ კიდევ წლების წინ, ”წიგნიერების” პროგრამის ფარგლებში ტრენინგებზე გაეცნო. განსაკუთრებით მოსწონთ ბავშვებს, როცა მასწავლებელი პატარა ბარათებზე ან დაფაზე დაწერილ კითხვებს წარუდგენს და სთხოვს, რომ მოიძიონ ტექსტში ის ადგილები, სადაც აღნიშნულ შეკითხვებზე პასუხების ამოკითხვა შეიძლება. ამასთან ერთად, სასურველია გაკვეთილის პროცესში გამოყენებული შეკითხვები ისეთნაირი ფორმულირებით მივაწოდოთ ბავშვებს, რომ მათზე პასუხები ტექსტში ზედაპირზე არ იყოს მოცემული და მათ მოფიქრებას წაკითხულის გააზრება ჭირდებოდეს. ხშირ შემთხვევაში, პატარები, სიჩქარის გამო პასუხებს, ტექსტიდან ამოკითხვის ნაცვლად, ზეპირად ამბობენ. გააზრებული კითხვის უნარის გამომუშავებისათვის სასურველია, რომ მასწავლებელმა ამას ყურადღება მიაქციოს და შეეცადოს ბავშვის ყურადღების კონცენტრაციას ტექსტზე. როცა მასწავლებელი ბავშვების მხრიდან პასუხების ზეპირად გადმოცემით კმაყოფილდება, ის მეხსიერებაზეა ორიენტირებული, მაშინ, როცა ტექსტის გასააზრებლად და გააზრებული კითხვის უნარის გამომუშავებისათვის პედაგოგი ორიენტაციას მაღალი დონის სააზროვნო ოპერაციებზე უნდა აკეთებდეს.
ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ვინაიდან მასწავლებელს ერთ ჯგუფში სრულიად განსხვავებული შესაძლებლობების ბავშვებთან უწევს მუშაობა, სწავლების პროცესში ინდივიდუალური მიდგომის უზრუნველყოფა სრულიად აუცილებელია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებისათვის. ინდივიდუალური მიდგომის ერთ-ერთ კარგ საშუალებას წარმოადგენს შეკითხვების, დავალებების დიფერენცირება და ბავშვების შესაძლებლობებზე მათი მორგება. ასეთ შემთხვევაში თითოეულ მათგანს მიეცემა წარმატების განცდის შანსი, ეს, თავის მხრივ, გაუძლიერებს მათ საკუთარი ძალების რწმენას და დადებითი განწყობა ჩამოუყალიბდებათ ყველაფერი იმის მიმართ, რასაც საგაკვეთილო პროცესში შესთავაზებს მასწავლებელი.
სასურველია, რომ მასწავლებელი გაკვეთილის პროცესში იყენებდეს სწავლების მრავალფეროვან მეთოდებს და აქტივობებს. ერთი და იგივე მეთოდისა და აქტივობის ყოველდღიური გამოყენება, როგორი საინტერესოც არ უნდა იყოს ის, ხშირად მოსაბეზრებელი ხდება ბავშვისთვის. გააზრებული კითხვის უნარის განვითარებაზე მუშაობის პროცესში ბავშვები დიდი ხალისით ასრულებენ ისეთ დავალებას, რომელიც მოითხოვს მათგან მნიშვნელოვანი სიტყვების, მნიშვნელოვანი წინადადებების მოძიებას. ისეთი წინადადებების ამოკრებას ტექსტიდან, რომლის გარეშეც ტექსტის შინაარსის გაგება გაჭირდებოდა. უმცროსკლასელებს ასევე დიდ სიამოვნებას ანიჭებს პატარა მოთხრობის შედგენა წინასწარ მიწოდებული სიტყვების გამოყენებით.
გააზრებული კითხვის უნარის განვითარება დამოუკიდებელი აზროვნების უნარის განვითარების პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს. ცნობილია, რომ დაწყებითი კლასების მოსწავლეები, იმის გამო, რომ მათთვის მასწავლებელი ხელშეუხებელი ავტორიტეტია, იშვიათად გამოთქვამენ ამ უკანასკნელის აზრის საწინააღმდეგო მოსაზრებას. კარგი იქნება, თუ ბავშვებს დამოუკიდებელი აზროვნებისთვის კომფორტულ გარემოს შევუქმნით, ყურადღებით მოვისმენთ მათ მოსაზრებებს ყოველივე ამას ადექვატურად გამოვიყენებთ მუშაობის პროცესში.
უმცროსი სასკოლო ასაკი ძალიან კარგი პერიოდია გააზრებული კითხვის უნარის განვითარებისათვის. თუ ჩვენ ამ შესაძლებლობას გავუშვებთ ხელიდან და არ გავაკეთებთ ინას, რისი გაკეთებაც საკმაოდ ადვილად შეიძლება ამ პერიოდში, ცოტა მოგვიანებით ძალიან გაგვიჭირდება იმის შეცვლა, რაც უკვე საკმაოდ მყარად იქნება ჩამოყალიბებული. ცნობილია, რომ გაცილებით ადვილია შეცდომების თავიდან აცილება, ვიდრე დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე ზრუნვა. კორექცია საკმაოდ რთულ პროცესად ითვლება და ხშირად არ იძლევა სასურველ შედეგებს. ამდენად, უმჯობესია დაწყებით კლასებშივე ჩავუყაროთ საფუძველი იმას, რამაც ზედა კლასებში უბრალოდ შემდგომი განვითარება უნდა ჰპოვოს.